Foto

ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე - პარლამენტისთვის ეს იყო მკაცრი მესიჯი, რომ გადახედონ მიღებულ გადაწყვეტილებას

მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებას და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი გამოიყენებს ბოლო შანსს და დაფიქრდება კანონპროექტის დაინიცირებაზე. 

როგორც თოლორაიამ ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში განაცხადა, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის და ევროპისკენ მიმავალ გზაზე. 

"აღნიშნულია, რომ ამით ფაქტობრივად გაუქმდა უწყება, რომელიც იყო მაკონტროლებელი მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების. ეს შეფასებულია, როგორც ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპში მეც ანალოგიურ ხაზს ვავითარებდი. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი, რაშიც თანხვვედრაში ვართ, რის ის, რომ ეს არის დასჯა საზედამხედველო უწყების იმის გამო, რომ მას ჰქონდა განსხვავებული, მაგრამ კანონიერი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. და რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანის უფლებების თვლასაზრისით.

მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტს დარჩა 1 შანსი, რომ დაფიქრდეს. და თუ პრეზიდენტი გამოყენებს ვეტოს უფლებას და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს, მე ვფიქრობ, პარლამენტისთვის ეს იყო მკაცრი მესიჯი, რომ კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, გადახედონ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას",- განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

ცნობისთვის, 3 იანვარს, სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩომ საქართველოში განცხადება გაავრცელა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

შეგახსენებთ, 30 დეკემბერს, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესმე მოსმენით დაამტკიცა.