პარტია „დროა“ დასავლელ პარტნიორებთან „ოცნების“ ხელისუფლების დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცლებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, მმართველი პარტიის განცხადებები რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს ჰგავს.
„დროას“ განცხადებით, აშშ-ს საელჩომ საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა.
„პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტია “არ დაუშვებს”. მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს.
ამ განცხადებისა და დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა:
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საჭიროა საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობაზე რუსეთის დე-ფაქტო ვეტოს დაძლევა და ალიანსში გაწევრიანებისთვის ქმედითი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, რუსეთს “გადამწყვეტი პასუხი” გასცეს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში და შეასრულოს ნატოს მე-5, ანუ კოლექტიური თავდაცვის პირობა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში. მოკავშირეებმა ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატეს ლიეტუვის მიმართ, რომელიც ამჟამად ჩინური ემბარგოს ქვეშ იმყოფება;
ფინეთი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში თავს იკავებდა ნატოს წევრობისაგან, რუსეთის მხრიდან გაცხადებული მუქარების გამო ახლა უკვე განიხილავს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას, რადგან მიიჩნევენ, რომ ევროპა უკრაინის ირგვლივ ერთიანი უნდა იყოს;
უკრაინელი სამხედროები პერიოდულად იღუპებიან პრორუს სეპარატისტებთან შეტაკებებში. უკანასკნელი შემთხვევა სამი დღის წინ, ახალ წელს დაფიქსირდა. ეს ყოველივე ძალიან ჰგავს რუსეთის ქმედებებს საქართველოში უშუალოდ 2008 წლის ომამდე;
დასავლეთისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში ბრუნდება ღირებულებების მნიშვნელობა და დასავლეთი მოკავშირედ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებს მიიჩნევს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს კი - მოწინააღმდეგეებად;
სწორედ ამ ფონზე, განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე;“ - ნათქვამია პარტია „დროას“ განცადებაში.
მათივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კრიტიკით, კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს
„ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ.
პარტია "დროა" მიიჩნევს, რომ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო მოვლენებისაგან დისტანცირების ფუფუნება. ამიტომ, რადგანაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესების საერთაშორისო ლობირებაში პასიურია, საქართველოს დასავლურ ბანაკში დასარჩენად, ანუ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად, სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ინიციატივა ხელში პროდასავლურმა ოპოზიციამ უნდა აიღოს. პარტია “დროა” პროდასავლურ კოალიციასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა ერთად წარვადგინოთ საქართველო და კიდევ ერთხელ ცხადვყოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი.“ - წერია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press