საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას.
"UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, მალევე მოჰყვა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვება. ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საია იცავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის, მათ შორის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.
2021 წლის 11 ივლისს ლექსო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს მე-5 სამმართველოს მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რის გამოც ლექსო ოჯახთან შეთანხმების გარეშე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
2022 წლის 7 იანვარს, მედია საშუალებებით გასაჯაროვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ დასკვნის შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისათვის. ექსპერტიზის დასკვნიდან გავრცელებული ამონარიდის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. მასში ასევე მითითებულია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებები, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მის სტაციონარში მოთავსების თარიღს 2021 წლის 5 ივლისს, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანებები არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის." - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
"ამასთან, საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად. კერძოდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ შესთავაზა გარდაცვლილის ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის პოზიცია საია-ს ადვოკატმა წერილობითი ფორმით არაერთხელ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, თუ რომელი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობა იყო მისაღები ოჯახისთვის, თუმცა, გამოძიებამ, დაპირების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წარდგენილი შეთავაზება, რის მიზეზადაც კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების არარსებობა დასახელდა (ოჯახის სურვილი იყო პროცესში ექსპერტის ჩართვა ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან).
საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. 2021 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ სამედიცინო დაწესებულებიდან ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ჩანაწერი მტკიცებულებათა მოპოვების და დამაგრების წესების დარღვევით მოიპოვა. განცხადებაში ასევე ითქვა, რომ ლექსოს შესახებ, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა შსს-ს საინფორმაციო ბაზაში (info.pol.ge) აღრიცხული ინფორმაციის იდენტური აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა, ლექსოს პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონოდ დამუშავების ფაქტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ ლექსოს ნაწილში ექვს პირს წარუდგინა ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, ხოლო წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებას ასევე დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა. ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საიას მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. ." - ნათქვამია განცხადებაში.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press