Foto

საპატრიარქო - მიტროპოლიტი სტეფანე ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს თბილისის მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს

„მიტროპოლიტი სტეფანე, ამჟამად, ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და თბილისში, მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს“, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიტორპოლიტ სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტ სტეფანეს დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღებაა.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება.

სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.