Foto

ინსპექტორი - სასამართლოს გადაწყვეტილება პენიტენციურში მყოფი პირების უფლებების დაცვის კუთხით საშიშ პრეცედენტს ადგენს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილების გააუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პენიტენციურში მყოფი პირების უფლებების დაცვის კუთხით საშიშ პრეცედენტს ადგენს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.

დღეს, 2022 წლის 17 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება სრულად გაუქმდა.

აღნიშნულს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური ამავე მუხლით გათვალისწინებული ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რისთვისაც მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გასაჩივრდა, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, ყველა ეპიზოდთან მიმართებით იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.

მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა”, - აღნიშნულია განცხადებაში.