Foto

შალვა პაპუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და დასავლეთის ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დასავლელ პარტნიორებთან და მოქმედებს აღნიშნული კომუნიკაციის შესაბამისად.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა.

დღეს მთავარი ამოცანა არის უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი ძალისხმევა, საქმე და სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში, ასევე მთლიანად რეგიონის ინტერესში. მნიშვნელოვანია და კრიტიკული არის დასავლეთის ერთიანობა, იმისთვის რომ არ იქნას დაშვებული საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.