Foto

TI - საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი 2021 წელს ერთი ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 55 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით გაუარესებული შედეგია. - აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ანგარიშშია საუბარი.

მათივე ინფორმაციით, რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 45-ე ადგილს და რეგიონში [აღმოსავლეთ ევროპა და შუა აზია] პირველობას ინარჩუნებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თავად „კორუფციის აღქმის ინდექსის“ ავტორები საქართველოში კორუფციის მხრივ არსებულ კონტექსტს შემდეგნაირად ახასიათებენ: „სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოში, რომელიც 55 ქულით, რეგიონში ლიდერობს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ექსპერტებისა და ბიზნეს სექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით.

„არის თუ არა 55 ქულა კარგი შედეგი? იმის გათვალისწინებით, რომ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ,[1] რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა.

კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე, კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ. საქართველოს ქულა მეტწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქვეყანაში დაბალია წვრილმანი მექრთამეობა. თუმცა, ამავე დროს, ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს, ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის. ეს გამოწვევებია: არაფორმალური მმართველობა – პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად წასვლის მიუხედავად, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები დღემდე სწორედ მის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს უკავიათ. ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში. გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება – სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება. პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში. მაღალი დონის კორუფცია – კორუფციის ასეთ სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირება, როგორც წესი, არაეფექტურია. საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციის ფაქტები ხშირად გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა – მთელი რიგი ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია (ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი) ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს (ინტერესთა შეუთავსებლობა, ნეპოტიზმი, მხილება და მამხილებელთა დაცვა, მბრუნავი კარი)“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად აღიაროს ქვეყანაში კორუფციის და კონკრეტულად, მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობა და პრიორიტეტულ რეჟიმში დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა:

საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან კორუფციის გამოძიების ფუნქციის ჩამოშორება და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მაღალი დონის კორუფციის გამოძიებასა და ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე; პროკურატურის დამოუკიდებლობის და მისი მმართველი პარტიისა და არაფორმალური ჯგუფების არაჯეროვანი გავლენისგან დაცულობის უზრუნველყოფა; სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირება;

პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერება; ანტიკორუფციული პოლიტიკის განახლება; საერთაშორისო ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულება.

ცნობისთვის, კორუფციის აღქმის ინდექსი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე მზადდება, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. 2021 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა." - წერია ანგარიშში.