Foto

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს პერსონალური სანქციებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ვლადიმერ პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს.

როგორც ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ პუტინი უკრაონაში შეიჭრა, „ეს იქნება ყველაზე დიდი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", რაც მისივე თქმით, შეცვლის მსოფლიოს.

„ის, თუ მთელი ძალებით დაიძვრება, ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შეჭრა, ეს შეცვლის მსოფლიოს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში აშშ-ის ჯარების განთავსება რუსეთის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, თუმცა მანვე დასძინა, რომ აშშ უკრაინაში ჯარის შეყვანას არ აპირებს. 

„ამერიკის ან ნატო-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.