უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
დოკუმენტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და აღნიშნულს, მმართველი გუნდის გარდა, სხვა საპარლამენტო პარტიები ხელს არ აწერენ.
„საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს;
მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press