Foto

მიხეილ სააკაშვილი ბათუმის მოვლენებზე - ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია

„მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხის მობილიზაცია, ვინაიდან ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია.

ექსპრეზიდენტის თქმით, თუ ხალხი „ფორმაში იქნება“, ამჟამინდელი ხელისუფლება მმართველობას დიდხანს ვერ გააგრძელებს.

„ბათუმის მერიის შენობიდან დღეს დილიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოყარა აჭარის უზენაესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც წყნარად ელოდებოდნენ თვითგამოცხადებულ მერს, რათა დაესვათ კითხვები მილიონობით ლარის მოპარვაზე.

მთელ საქართველოში, ხალხის ფულით აშენებული ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ მანდატების ქურდები გამაგრდნენ.

ამაზე ერთადერთი პასუხია კიდევ მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უმწეობისა და პანიკის ნიშანია და ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასტანს დიდხანს, თუ ჩვენ ფორმაში ვიქნებით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.