Foto

ბენ ჰოჯესი - შავ ზღვას აკვირდება, საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ყურადღება მისკენაც მიიზიდოს

„ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ ყურადღება მისკენაც მიიზიდოს და ყველას უთხრას: - შემომხედეთ, მე შემიძლია, ამ სტრატეგიულ რეგიონში დაგეხმაროთ“, - ამის შესახებ ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში გენერალ-ლეიტენანტი (თადარიგის) ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად.

ბენ ჰოჯესმა აღნიშნა ისიც, რომ იგი ისურვებდა, საქართველოში ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის შეიქმნას ინფრასტრუქტურა, რათა ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი იყოს.

„პენტაგონი, ბიზნესი, მედია, ყველა უკრაინას და შავ ზღვას აკვირდება. ამიტომაც, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა უნდა იყოს, რომ ყურადღება მისკენაც მიიზიდოს და ყველას უთხრას: - შემომხედეთ, მე შემიძლია, ამ სტრატეგიულ რეგიონში დაგეხმაროთ, იქნება ეს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება, ეკონომიკური ფაქტორები, კარიბჭის როლის შესრულება აზიასა და ევროპას შორის, თუ სხვა.
ეს არაჩვეულებრივი დროა იმისთვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად არაგეგმიური წვრთნები ჩატარდეს. მე ასევე ვისურვებდი, რომ შეიქმნას რაღაც ინფრასტრუქტურა ამერიკის საროტაციო ნაწილებისთვის, გაკეთდეს რაღაც იმისთვის, რომ ქვეყანა ამერიკის საზღვაო ძალებისთვის, საჰაერო ძალებისთვის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი. შეიძლება აშენდეს სასაწყობო ნაგებობები ამუნიციისთვის. არ არის აუცილებელი ეს დიდი ინფრასტრუქტურა იყოს, მაგრამ იყოს რაღაც ისეთი, რაც აჩვენებს, რომ ეს ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობარი საქართველოსთვისაც სასარგებლოა.
ამასთან, საქართველომ უნდა დაუსვას საკუთარ თავს შეკითხვა, არის თუ არა ის მზად ბიზნესის, ინვესტიციის მისაღებად. თუ გერმანული, ფრანგული, იტალიური, ჰოლანდიური ბიზნესი საქართველოში დიდ ფულს ჩადებს, ამ ქვეყნების პარლამენტები საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ და მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე იზრუნებენ.
ამის შემდეგ კი ისინი დაიწყებენ კითხვების დასმას იმაზე, თუ რატომ არიან რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ამ დრომდე. ისინი საქართველოს უსაფრთხოებით უფრო მეტად დაინტერესდებიან, თუ საქართველოში მათი ინვესტიციები იქნება. ახლა არის დრო, როცა საქართველომ ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.