Foto

დონბასში სროლას უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, 19 თებერვლის დილის 9:00 საათის მდგომარეობით, დონბასელი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების 19-ჯერ დარღვევა დააფიქსირდა, მათგან 16-ში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი იყო გამოყენებული.

ამასთან, უკრაინის გაერთიანებული ძალების ცნობით, დონეცკის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.

მათივე ცნობით, სროლის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ჭრილობა მიიღო.

„ოკუპანტები აგრძელებენ სროლას საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ამგვარი ქმედებებით მტერი ცდილობს აიძულოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, რომ საპასუხო ცეცხლი გახსნას, რათა უკრაინის დამცველი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში მეტად დაადანაშაულოს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გაერთიანებული ძალები ცეცხლს არ ხსნიან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს იცავენ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.