Foto

არასამთავრობოები პარლამენტს - ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, სამოქალაქო საზოგადოება  საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

„მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით  სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის კი, სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს.

„უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. 

„მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებულია, როგორც ჩანს, ჯერჯერობით  სესია ამ საკითხზე არ ჩატარდება და, შესაბამისად, ეს პროცესი დროში გაიწელება. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან საჩქაროა განცხადების გაგზავნა პარლამენტში. გთხოვთ, ხელი მოვაწეროთ   განცხადების ტექსტს - https://cutt.ly/uAo2yEP, რომ სწრაფად შევძლოთ საკანონმდებლო ორგანოს რეაგირება,“ - ასეთია ორგანიზაციების „სამოქალქო იდეა“ (Civic IDEA) , DRI-სა და „ღია საზოგადოების საქართველოს ფონდის“ მიმართვა სამოქალაქო საზოგადოებისადმი, რომელთა თანამონაწილეობითაც მომზადდა განცხადების ტექსტი.

„დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენოთ.
საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმსახურებს სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას.
ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაღობას საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის გზაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.
ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სწორი და დროული განცხადებები და რეზოლუციები მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სწორედ დღეს, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით უნდა ვაჩვენოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, რომ საქართველოს ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადია და ყველაფერს ვაკეთებთ მის უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად:
1. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების შესახებ.
2. საქართველოს პარლამენტმა, მოუწოდოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
3. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
4. საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების დასაწყებად.“ - აღნიშნულია განცხადებაში.