Foto

ირაკლი კობახიძე - ელჩის გაწვევა უკრაინის აშკარა ორმაგი სტანდარტია, ეს „ნაცმოძრაობის“ მცდელობაა, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს

„ელჩის გაწვევა აშკარა ორმაგი სტანდარტია. აშკარაა მცდელობა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება. ცნობილია, რომ მათ მრავლად ჰყავთ წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლინ კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც, ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას

„საქართველომ ქმედითი ნაბიჯებით გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა შესაფერის პლატფორმაზე: ევროსაბჭოში, გაეროსა და ეუთოში. უკრანიას არ გაუწვევია ელჩები იმ ქვეყნებიდანაც კი, რომლებმაც აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მხარე დაიჭირეს. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციების არდაწესება იყო, სანქციების დაწესებაზე უარი თქვა არაერთმა ქვეყანამ: მოლდოვამ, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა და სხვა, თუმცა უკრაინას არცერთი ამ ქვეყნიდან ელჩი არ გაუწვევია. თუ ელჩის გაწვევის მიზეზი მოხალისეების არ გაგზავნა იყო, შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არაერთმა ქვეყანამ მიიღო, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, პოლონეთმა და სხვამ, თუმცა ეჩის გაწვევის მიზეზი ესეც არ იყო. აშკარაა ორმაგი სტანდარტი, რომელსაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს. აშკარაა მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია, საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც როგორც ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის გარემოცვაშიც. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე, საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი და სხვა კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილო, დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებიზე გავლენის მოხდენა მარტივად შეუძლიათ. სამწუხაროა, ეს ადამიანები უკრაინას და მის ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტ პრობლემას, რომ უქმნიან. ომსა და სანქციებში ქვეყნის ჩათრევის ფარული მცდელობით, ეს ადამიანები კიდევ ამტკიცებენ, რომ როგორც 2008 წელს, ისე ახლაც, ისინი მტრობენ და ღალატობენ ქვეყანას - ეს არის მათი ქმედებების ერთადერთი მოტივაცია. საქართველოს ხელისუფლება არ აყვება მოღალატეების სცენარს და არ ჩართავს ქვეყანას სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს. ასევე, არ დააწესებს სანქციებს, რომლებიც რუსეთს ჩვენი მხრიდან ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის მაგრამ ჩვენ მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას უკიდურესად დაუმძიმებს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.