Foto

უკრაინის ვიცე-პრემიერი - მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი არ არის მხოლოდ რუსეთზე, ამაზე ნატო-ც პასუხისმგებელია

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ნატო ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. აღნიშნულის მიზეზად, იგი ნატო-ს მხრიდან „ფრენის აკრძალული ზონის“ გაძლიერებაზე უარის თქმას ასახელებს.

„ფრენის აკრძალული ზონა“ საჰაერო სივრცის ის ნებისმიერი რეგიონია, სადაც ტერიტორიების დაცვის მიზნით, გარკვეულ თვითმფრინავებს ფრენის უფლება არ გააჩნიათ.

 „არაადამიანურია იმის ცოდნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და ბავშვები დაიღუპებიან ამ გადაწყვეტილების არმიღებით. იმ მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი - მათ შორის ორი ბავშვის დედისა და მამის ჩათვლით, რომლებიც გუშინ დაიბადნენ და დღეს უკვე, დაბომბვის შედეგად, მშობლები დაკარგეს - არ არის მხოლოდ რუსეთის ხელზე“, - აღნიშნა ოლჰა სტეფანიშინამ BBC Radio 4-თან საუბრისას.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ზემოთ ნახსენები „არადიპლომატიური“ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა დააყოლა, რომ აღნიშნული ინტერვიუ „ბომბის თავშესაფარში“ ჩაწერა.

ცნობისთვის, ნატო-ს წევრებმა ფრენის აკრძალული ზონის შექმნაზე უარი თქვეს, რადგან ისინი შიშობენ, რომ იგი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს -  დასავლეთის საჰაერო ძალებს რუსეთის საჰაერო ძალებთან პირდაპირ ბრძოლაში ჩაითრევს.