საქართველოს პატრიოტთა ერთიან ფრონტში გაერთიანებულმა 55-მა პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს ღია წერილით მიმართა. - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ინაშვილი წერს, გაერთიანება სრულიად იზიარებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოზიციას, იმის შესახებ, რომ „მდგრადი უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად“ და ვერ მიიღწევა მის წინააღმდეგ მოქმედებით.
"უპირველეს ყოვლისა, ნება გვიბოძეთ, დავეთანხმოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რომ „მდგრადი უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად“ და ვერ მიიღწევა მის წინააღმდეგ მოქმედებით. მიგვაჩნია, რომ ამ კონტექსტში დღემდე აქტუალურია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის მოსაზრება, რომ „უკრაინა არ უნდა შევიდეს ნატოში“ და რომ „თუ უკრაინას გადარჩენა და აყვავება სურს, იგი უნდა იყოს არა ერთი მხარის ავანპოსტი მეორის წინააღმდეგ, არამედ უნდა იტვირთოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქცია“.
ჩვენ წუხილით უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ხელს უწყობდა ისეთი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შექმნა-განვითარებას, რომლებიც სრულიად უგულებელყოფდნენ ნეიტრალიტეტს და პროპაგანდას უწევდნენ მხოლოდ ნატოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების ერთადერთ ეფექტიან სისტემას. მეტიც, ქმნიდნენ ნატოში გაწევრიანების ცრუ მოლოდინს და საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ნატოსთან პარტნიორობა თავისთავად უსაფრთხოების გარანტიაა, ამასთან განსხვავებული აზრი დღემდე ბულინგს ექვემდებარება." - ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის.
"ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ რუსეთთან დაპირისპირება დამღუპველია საქართველოს და უკრაინის მსგავსი ქვეყნებისთვის და ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო, უკრაინა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა საჭადრაკო ფიგურების როლში აღმოჩნდნენ, რომლებიც ზესახელმწიფოთა ჭიდილში განადგურდებიან. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წლების მანძილზე იღვწის ნეიტრალიტეტისთვის. მეტიც, ევროპის, რუსეთისა და აშშ-ის ექსპერტებთან ერთობლივად, ავსტრიის თავდაცვის ეროვნული აკადემიის, ვენის უნივერსიტეტისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის თანამონაწილეობით შეიქმნა საქართველოს ნეიტრალიტეტის კონცეფცია (თან ერთვის ამ წერილს), ხოლო 2020 წელს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ძალზედ მასშტაბურმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოს მიმართ კარდინალურად შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში არჩევნებში არასოდეს მონაწილეობდა 2 მილიონ 150 ათას ამომრჩეველზე მეტი. ამასთან, გამოკითხვის ფარგლებში 1 მილიონ 200 ათასმა ადამიანმა შეავსო კითხვარი და 900 ათასზე მეტმა აუდიოინტერვიუ ჩაწერა. გამოკითხვის შედეგად ნათელი გახდა, რომ 69,4% სამხედრო ნეიტრალიტეტს ემხრობა, ხოლო 75,8% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს. აუდიოჩანაწერების ასლები გადაეცა ევროპული სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოებს, აგრეთვე ეუთოს მისიას და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს." - არნიშნულია ინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამათან, ორგანიზაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, არა უბრალოდ მხარი დაუჭირონ, არამედ ქმედითი წვლილი შეიტანონ საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში.
"ჩვენი აზრით, ტრაგიკული კონფლიქტი უკრაინაში ნათელყოფს, რომ ნეიტრალიტეტი საუკეთესო გამოსავალია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გამოსავალი ნეიტრალიტეტია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „არ ეშინია ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობისა“, რის შესახებაც მან 25 თებერვალს თავად განაცხადა. ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნეიტრალიტეტზე აქტიური მსჯელობის დაწყება აუცილებელია. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ცნობილი საინფორმაციო პორტალის globalnews.ca-ს მიერ 19 იანვარს გამოქვეყნებული აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ რ. ბაიდენის ვიდეო-ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ „უკრაინის ნატოში შესვლის ალბათობა უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა“, ხოლო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 6 მარტს განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში „არ არის და ვერ გახდება ნატოს კონფლიქტი“. ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ახლახანს განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს უკრაინის ისეთ დასავლურ კავშირებში მიღების გეგმები, როგორიც არის ნატო.
ვაცნობიერებთ რა ვითარების სირთულეს, მოგიწოდებთ, არა უბრალოდ მხარი დაუჭიროთ, არამედ ქმედითი წვლილი შეიტანოთ საქართველოსა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საქმეში, რათა დასავლეთის ქვეყნები, რუსეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნების ნეიტრალიტეტის გარანტორებად იქცნენ. კვლავ ვუდასტურებთ პატივისცემას გაეროს უშიშროების საბჭოს." - ნათქვამია წერილში.
პატრიოტთა ერთიან ფრონტში გაერთიანებული 55 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციის სახელით, ამ წერილს 7 დედანში ხელი მოაწერა 21-მა უფლებამოსილმა პირმა:
1. დავით თარხან-მოურავი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე
2. ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი
3. ნანა დევდარიანი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, ყოფილი სახალხო დამცველი
4. გიორგი ლომია, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე
5. გოჩა თევდორაძე, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
6. იოსებ შატბერაშვილი, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
7. კახაბერ ძაგანია, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
8. მარინა მოლოდინი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
9. ვაჟა ოთარაშვილი, საქართველოს პარლამენტის მეორე მოწვევის დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
10. ვალერი კვარაცხელია, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
11. გურამ ნიკოლაიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი
12. გიორგი ბიჭაშვილი, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი
13. ოთარ ჭითანავა, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
14. თამაზ დაუშვილი, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
15. გიორგი ჭინჭარაული, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
16. ამირან ტაკიძე, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი
17. ზურაბ ქველაძე, საქართველოს პარლამენტის ერთი მოწვევის დეპუტატი
18. გრიგოლ ჯოჯუა, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
19. ელგუჯა გვაზავა, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
20. ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
21. ანზორ წოწონავა, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press