Foto

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს უჭერს

„საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც მხარს ვუჭერთ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც ალიანსმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან უნდა ისწავლოს არის ის, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის გამო, ახლა, რისკის წინაშე დგანან, მხარდაჭერა აუცილებელია.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ უსაფრთხოების სრულიად ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელიც აზარალებს უკრაიანელ ხალხს, ეს მათთვის გამანადგურებელია; თუმცა, ის ასევე მეტ ზეწოლას ახდენს იმ ქვეყნებზეც ჩვენს სამეზობლოში, რომლებიც არ არიან ნატო-სა და ევროკავშირის წევრები და არიან რისკის წინაშე. საქართველო ერთ-ერთ მათგანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა შეხვედრას. ყველა მოკავშირე ძალიან ყურადღებით უსმენდა მის გამოსვლას, რა დროსაც მან ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელმაც უკვე იხილა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები, 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ასე რომ, ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ იქიდან, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ის, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც რისკის წინაშე ახლა არიან. უმჯობესია, მათ ახლა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდგომ. ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის ინტერვენციამდე გაწეული მხარდაჭერის ღირებულებას, თუმცა ასევე იმის მნიშვნელობას, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო დამატებით უკრაინისთვის. ასევე, ვფიქრობ, ეს არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ნატო-ს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს. ეს იყო ასევე გზავნილი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისადმი დღევანდელ შეხვედრაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.