Foto

მოუსმენენ თუ არა ზელენსკის საქართველოს პარლამენტში - მორიგი განხეთქილება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

პარტია ლელო საქართველოს პარლამენტს მიმართავს, პლენარულ სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას მოუსმინონ. ინიციატივაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

მმართველი გუნდი გააღიზიანა ოპოზიციის მოთხოვნამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ არცერთ ინიციატივას, რომელიც უკრაინას შეეხება, „ქართული ოცნება“ არც კი განიხილავს.

„უკვე სამი კვირაა, რაც უკრაინა არის რუსული აგრესიის ქვეშ. ამ ომს ყველა ვაკვირდებით. რასაც ჩვენ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ვხედავთ, განსაკუთრებით, ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია, მოხდეს აქ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივების განხილვაში არც კი შევდივართ. ჰქონდათ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა არის ამის მიზანი და ეს მიზანი ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ. ეს მიზანი არის არეულობა და ქვეყნის ჩათრევა ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.