Foto

უკრაინის შეიარაღებული ძალები - ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება. 

განცხადებაში აღნიშნულია, გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9-ზე მეტი საჰაერო სამიზნე - 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები აღინიშნა.

"სუმის ოლქის ახტირკის რაიონში რუსი სამხედროების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა.
300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და  ოპერაციის ტერიტორია 70 ტექნიკით დატოვა", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის  ტერიტორიაზე მტერი წინსვლას წარუმატებლად ცდილობს.

"უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 13 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს რუსული ძალების 14 ტანკი, 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და 4 მანქანა. მტრის დანაკარგს 300 ადამიანი შეადგენს." - აღნიშნულია განცხადებაში.