Foto

საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მისი შედეგების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ქვეყანას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რომელიც 10 აპრილს გაიმართა, ფრანგებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ მოქმედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს და ეროვნული აქციის ლიდერს მარინ ლე პენს შორის.

სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებულია 48,7 მილიონზე მეტი ფრანგი.

ცნობისთვის, არჩევნების წინასწარი შედეგები საფრანგეთში და დასავლეთ ნახევარსფეროში საფრანგეთის ტერიტორიებზე ერთდროულად გამოცხადდება.


ამავდროულად, მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ საბოლოო შედეგებს საკონსტიტუციო საბჭო ოთხშაბათს, 27 აპრილს ან ხუთშაბათს, 28 აპრილს გამოაცხადებს, საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 14 მაისამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართა. ბიულეტენების 100%-იანი დამუშავების შემდეგ ფინალურ ტურში გასვლის უფლება მაკრონმა (ხმების 27,84%) და ლე პენმა (ხმების 23,15%) მიიღეს. მიმდინარე არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია ჟან-ლუკ მელენშონის, მემარცხენე პარტიის La France insoumise (საფრანგეთი დაუმორჩილებელი) ლიდერის ამომრჩევლებზე, რომელიც პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა და ხმების მეხუთედი მიიღო. სოციოლოგები არ გამორიცხავენ მსგავს არჩევნებზე საკმაოდ დაბალ აქტივობას.