Foto

თბილისში, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა - დაშავებულია ორი ადამიანი

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა. დაშავებულია ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა” ავრცელებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციას მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.

„სადღაც 20-მდე ბიჭი იყო, რომლებმაც გამოიარეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს. სახეში მომხვდა ძალიან დიდი ქვა. ჰქონდათ ბოთლის ნატეხებიც, რომლითაც მომაყენეს დაზიანებები სხეულზე",- განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო.