Foto

ღარიბაშვილი - უკრაინას აძლევენ სტატუსს, იმიტომ რომ ომშია, მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ უკრაინა ომშია, ხოლო მოლდოვა ურთულეს მდგომარეობაში.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ერთგვარი "წამახალისებელი ავანსია", თუმცა მათაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას. 

"მოქალაქეებს გაუჩნდათ კითხვები, თუ რატო დარჩა მოლდოვა და უკრაინა უფრო წახალისებული და მინდა ეს ავხსნა. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათაც ჩაუწერეს, საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ მათთაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა – ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში. ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. მოლდოვაც ასევე არის უმძიმეს ვითარებაში, მოსაზღვრე სახელმწიფოა.  უამრავი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს. 

მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს, იმიტომ რომ ის არის ომში. ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.