Foto

ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე - ევროკავშირის გადაწყვეტილება უსამართლოა

უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს და ყველაფერს დამსახურებულად თუ შევხედავთ, მაშინ, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ამასთანჩვენმა ქვეყანამ ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა.

„უსამართლოა, მაგრამ გვესმის და ევროპელი ლიდერებისგან გავიგეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში. მოლდოვაც მეზობელი ქვეყანაა და ძალიან მჭიდროდ არის, ძალიან რთულ სიტუაციაშია. ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხები ზედაპირზე აქვს. საქართველოს მუშაობას თუ შევადარებთ, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, დამსახურებულად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს, ძალიან კონკრეტული მუშაობა აწარმოა ჩვენმა ქვეყანამ, მაგრამ სამივე ერი არის ევროპული პერსპექტივის მქონე. ეს არის ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, მას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, პირობები სამივე სახელმწიფოს განესაზღვრა. პრაქტიკა ჩვეულებრივ ასეა, სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ასოცირებული ქვეყნები იყვნენ და შემდეგ იქცნენ კანდიდატის ქვეყნებად. როგორც ვთქვი, გავიგეთ ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიენიჭებინა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, რადგან ის ომშიაო. ეს არის წახალისება, ეს არის ბონუსი უკრაინისთვის”,- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.