Foto

დეგნანი - ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად შეუძლია.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს. ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად არის შესაძლებელი. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და საზოგადოებაში ამის მზაობა არის. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი კუთხით ამ რეფორმების განხორციელებაში. ყველამ უნდა გაცნობიეროს, რომ მომდევნო ექვსი თვე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არ არის. მე ასევე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში და მთავრობაშიც ბევრს სურს ამ ცვლილებების განხორციელება“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო  რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. 

აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.