სამართლიანი არჩევნები (ISFED) ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ გორბის მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს და ამბობს, რომ კვლევაში დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ჩატარებული კვლევა აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავს არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, კვლევა თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს.
"წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს.
ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, მსგავსი დამოკიდებულება, საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოაჩინონ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მის შედეგებს აქტიურად იხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვა მათთან დაკავშირებული პირები. პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესებული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და "საინფორმაციო სააგენტოს" საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ.
აღნიშნული აშკარად წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაცხადებულ არჩევანთან დაპირისპირების მცდელობას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურად გამყარებულ პროევროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.
GORBI-ის კვლევაში დასმული კითხვები, რომლითაც ხდება დაშვება, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში ომი შეიძლება უნდოდეს, თანხვედრაშია რუსეთიდან მართული ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მცდელობასთან, დასავლეთს ჯერ უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის წამოწყება გადააბრალონ და შემდეგ ამ ნარატივს საქართველოს ომში ჩათრევის აბსურდული თეორია მიუსადაგონ.
გასააზრებელია, რომ საკითხის ამგვარად დაყენება საქართველოში რუსული აგრესიის საფრთხესაც ზრდის. რუსული პროპაგანადისტული მანქანა, მისი სამხედრო თუ სხვაგვარი აგრესიის გადასაფარად და ამ მხრივ სამიზნე ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განუზომელ რესურსებს ხარჯავს. ამ საფრთხეების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო სრული ძალისხმევით რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდეს, პროსახელისუფლებო მედია, მანიპულაციური ხერხებით, აბსურდული შიშების ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის გამოკვეთით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს მისი ბრალეულობის პრევენციისთვის. ეს კი, მოცემულ ისტორიულ მომენტში, საქართველოს უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის ევროპასთან ინტეგრაციის საუკუნოვან მისწრაფებას შეუქცევად ზიანს აყენებს", - ნათქვამია ISFED-ის განცხადებაში.
გუშინ, ტელეკომპანია იმედმა, მათივე დაკვეთით ჩატარებული გორბის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თითქმის ყველა შეკითხვა საქართველოში "ომზე" და "მეორე ფრონტის" გახსნაზეა. მათ შორის კითხვები არის "დასავლეთის მხრიდან საქართველოს ომში ჩართვის მოთხოვნის" შესახებ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press