Foto

პაპუაშვილი - გგონიათ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული

დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვას.

მისივე თქმით, იმის თქმა, რომ ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა და ღარიბაშვილის კავშირი ბიძინა ივანიშვილთან ბუნებრივი მოვლენაა, რადგან „ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი“

"დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განმარტა, რომ ამ ტერმინში იგულისხმება ეკონომიკური გავლენის მქონე ადამიანების გავლენის კონტროლი, ეს გულისხმობს ინსტიტუციების კონტროლს ის, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში იმართება სხვა ადამიანის მიერ - ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის. საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერი კი არ მართავს ქვეყანას, პარლამენტის თავმჯდომარე კი არ მართავს ან პარლამენტი კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება, ეს არის შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის.ვერავინ ვერ ასახელებს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ამ გავლენის მოხდენა, რომელ გადაწყვეტილებაზე იყო ეს გავლენა მოხდენილი. თქვენ რა გგონიათ ადამიანი უნდა შემოვსაზღვროთ და კონტაქტი არ უნდა გვქონდეს არავისთან? არც ერთი ადამიანი არ არის კუნძული, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. თეთრი ყოველთვის არის თეთრი, შავი ყოველთვის არის შავი, აქ აღქმებს მნიშვნელობა არ აქვს, რაც არის თეთრი, ის ვერასდროს გახდება შავი, ვინც არ არის ოლიგარქი, იმას რაც არ უნდა ვეძახოთ ოლიგარქი, ვერასოდეს გახდება ოლიგარქი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის სრული წერილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას შეეხება, შეგიძლიათ ნახოთ აქ.