Foto

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნის

რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეა საუბარი. 

მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. 

"ექსპრესნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

"როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება". რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს". გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, "განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა".

ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა.

გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია.

ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს.

მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით.

თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს.

გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იქნეს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში.

დანართის სახით, გიგზავნით ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად განვმარტე ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩემს ქვეყანაში მმართველობის სისტემა ეფუძნება. ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც",- აღნიშნულია წერილში.