Foto

საქართველოს კულტურის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ახალი ლიტერატურული პრემია „ანა“ დააფუძნა. კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ლიტერატურული კონკურსი, რომელიც ქალებსა და ქალ მწერლებს ეძღვნება და ანა კალანდაძის სახელს უკავშირდება, 

ყოველწლიურად, ივლისის თვეში გამოცხადდება და მისი ძირითადი მიზანია ქალი ავტორების ხელშეწყობა, წარმოჩენა და წახალისება. ამასთან, ერთი ნომინაცია შეეხება როგორც ქალ, ისე მამაკაც ავტორებს და გაიცემა ნაწარმოებისათვის, რომელიც ქალის თემას ეძღვნება.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. კონკურსის ფარგლებში განიხილება კონკურსის გამოცხადების წინა წელს წიგნად გამოცემული თანამედროვე ქალი ავტორის/ების ქართულენოვანი ან/და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხო ენაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები.


კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

• ქალი პროზაიკოსი - საუკეთესო პროზაული 
კრებულისთვის;
• ქალი პოეტი - საუკეთესო პოეტური კრებულისთვის;
• ქალი მთარგმნელი - საუკეთესო თარგმანისთვის;
• ქალის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნაწარმოების 
ავტორი. 

თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით); კონკურსის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა სიგელი. ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, პრემია გაიცემა თითოეული ნომინაციისათვის

პირობების თანახმად, კონკურსანტი უფლებამოსილია, საკონკურსო განაცხადი წარმოადგინოს სხვადასხვა ნომინაციაში, თუმცა, ერთ ნომინაციაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი ნაწარმოების/კრებულის წარდგენა. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, მინისტრის მიერ ყოველწლიურად შეიქმნება ლიტერატურის სფეროს აღიარებული სპეციალისტებისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია, 5 წევრის შემადგენლობით.