Foto

კალაძე - დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. 

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, ომის საფრთხეებთან მიმართებით მმართველი გუნდის პოზიციაზე, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შეფასება სწორია და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ  ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს, პირველ რიგში, დაცული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის - ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ძალიან განვიცდით, რაც ხდება უკრაინაში, ყველანაირად ვუთანაგრძნობთ მას და მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებიდან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ქართული ოცნება“ ატარებს ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ატარებს ქართველი ხალხის ინტერესებს პირველ რიგში და ჩვენ ამას ყოველთვის გავაკეთებთ, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ხალხს, კულტურას, წარსულს და ღირებულებებს. ზუსტად ამ მოცემულობით ვჭირდებით ევროპას და ამით ვართ საინტერესო ევროპული ქვეყნებისთვის, რომ გაგვაჩნია უდიდესი ტრადიცია, ვართ უდიდესი კულტურის ქვეყანა, გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებით გვინდა ევროპული არჩევანი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა. ოლიგარქმა ასევე გააგრძელა მმართველი პარტიის რიტორიკა იმის შესახებ, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ". სრული განცხადება შეგიძლიათ ნახოთ აქ