Foto

წულუკიანი ზურაბიშვილზე - ძალიან გვჭირდებოდა და გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენ გვერდით აღარ გვყავს

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვლავ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან  ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დამაზიანებელი როლი ითამაშა.

პრეზიდენტის ბრალდების საპასუხოდ, რომელმაც მმართველი პარტია დასავლური გზიდან გადახვევასა და პოლარიზაციის გაზრდაში არაერთხელ დაადანაშაულა, წულუკიანი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი ტყუის.

"სამწუხაროდ, მეც ჩემი აზრი მაქვს, რომელიც შესაძლოა, რბილად რომ ვთქვა, პრეზიდენტისთვის მოსაწონი არ იყოს. რომ ვაანალიზებთ იმას, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა იმისთვის, რომ ჩვენ უფრო წელგამართული ვყოფილიყავით, თუკი ამგვარი რამ საერთოდ შესაძლებელი იყო, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მოკლევადიანი გეგმა, რომელსაც ველოდებოდით და რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის კარი ფართოდ უნდა გაეღო, ჩვენ აქედან დაზიანებული გამოვსულიყავით. პრეზიდენტმა ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. მაგალითისთვის: ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია. ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. შეურაცხყოფას აყენებდა ყველას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გზა გაუხსენითო და იქაც რომ მიდიოდა, სავარაუდოდ, იქაც კრიტიკით იყო დაკავებული". - განაცხადა წულუკიანმა  ტელეკომპანია  „იმედის“ ეთერში.

 წულუკიანის თქმით, პრეზიდენტმა სხვა გზა აირჩია და  პარტია  „ქართულ ოცნების გვერდით აღარ არის.

"ამიტომ, ქვეყნის ინტერესის დაცვა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ფრონტით იმ ადამიანების მიერ, ვინც ხელისუფლებაში არიან და პრეზიდენტი ხელისუფლებაშია, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. ამიტომ, მე, ამ ქვეყანაში დაბადებულ მოქალაქეს მაქვს უფლება, ვიფიქრო, რომ ზურაბიშვილმა ამ ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარულის დროს, გარკვეულ მომენტში ისეთი ნაბიჯები გადადგა, რასაც, შესაძლოა, ზიანი მოეტანა. თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო, რომ მას რამე გაეკეთებინა ღირებული, იმიტომ, რომ მაგალითად, როდესაც ჩვენ საფრანგეთის პრეზიდენტისგან ვისმენთ, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ის ფიქრობს, რომ გეოპოლიტიკაა მთავარი და არა ის, რეფორმები გავატარეთ თუ არა, ეს საერთოდ სხვა სახის დისკუსიაა, სადაც მე ვფიქრობ, ჩვენს პრეზიდენტს წამყვანი როლი უნდა ჰქონოდა, რომ თავისივე კოლეგა დაერწმუნებინა იმაში, რომ სწორედ გეოპოლიტიკურად არის საქართველო უნიშვნელოვანესი ევროკავშირისთვის და არა პირიქით. მის საქციელს ახსნა სავარაუდოდ აქვს, რადგან ის ძალიან შორს არის იმისგან, რომ არ იცოდეს, რას აკეთებს. ის არ არის რადიკალური ოპოზიციის მსგავსი ქმედების, ვერ დავწამებ. გეგმაც აქვს ხოლმე და იცის, საითკენ მიისწრაფვის. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა და გვჭირდება, მაგრამ ის ჩვენ გვერდით აღარ გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და ა.შ. მაშინ, როდესაც ქვეყანა გადის დანაღმულ ველზე, დანის პირზე თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, ამ დროს მთავრობას მოურღვევს თავის მხარს თუ მხარდაჭერას, ეს არ მგონია იყოს ის, რაც შეიძლება გეგონოს, რომ უნდა იყოს" - აცხადებს წულუკიანი.