Foto

პატიმარს, რომელმაც მძინარე თანასაკნელის მოკვლა სცადა, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პატიმარს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ჩატარებული გამოძიებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს, ქ, ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა. 

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა. 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.