სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. - ამის შესახებ ორგანიზაცია IDFI-მ განაცხადა.
მათივე თქმით, საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ უცნობებია საზოგადოებისთვის, დაიწყო თუ არა გამოძიება ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის სისხლის სამართლის საქმე აჩენს ეჭვებს, რომ მისი მიზანია მამხილებლის დასჯა და არა მართლმსაჯულების აღსრულება. სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვები იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იოსებ გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება. იოსებ გოგაშვილის ადვოკატის 11 აგვისტოს განცხადების თანახმად, გოგაშვილმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო მუქარა. კერძოდ, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული „გაიყვანეს სააბაზანო ოთახში და მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე, უთხრეს, რომ დარეკავდა და ეპასუხა. გოგაშვილმა უპასუხა ტელეფონს, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს, იმ შემთხვევაში, თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტორები, რა შეიძლებოდა დამართნოდა მას და მის ოჯახს“. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა გამონაკლისის სახით ზღუდავს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულის გამოძიების შესაძლებლობას დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის) მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები წლებია უარყოფითად აფასებენ ამ შეზღუდვას. ამ ხარვეზის გასწორების რეკომენდაცია ასახულია OSCE/ODIHR-ის 2022 წლის 18 თებერვლის დასკვნაშიც. 2022 წლის 16 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოციალური ქსელში გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას აცნობა, რომ მას გააჩნდა არჩევნების გაყალბებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამავე განცხადებით მან დააანონსა სატელევიზიო გამოსვლა. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში იოსებ გოგაშვილი დააკავეს. 2022 წლის 21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მომზადდა გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული მტკიცებულებები მიუთითებს ამომრჩეველთა მოსყიდვისა და მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების არაერთ ფაქტზე. აღნიშნული მტკიცებულებების ნაწილი არის გადამოწმებადი და მათ ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ამ დროისთვის არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ავტორმა ორგანიზაციებმა მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია სრულად გადასცეს საქართველოს პროკურატურას. საქართველოს პროკურატურას ამ დრომდე არ უცნობებია საზოგადოებისთვის, დაიწყო თუ არა გამოძიება ამომრჩეველთა ხმების მობილიზაციის მიზნით სავარაუდოდ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე. მმართველი პარტიის წარმომადგენლების და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, შესაძლო დანაშაულებრივ სქემაში სავარაუდო ჩართულობა იოსებ გოგაშვილის საქმეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. კერძოდ, როგორც ბრალდებულის უფლებების დაცვის, ისე ამომრჩეველთა ხმების დანაშაულებრივი მეთოდებით მობილიზაციის ჯეროვნად გამოძიების თვალსაზრისით. გოგაშვილის საქმეზე დეპუტატებმა გაავრცელეს არაერთი პოლიტიკური განცხადება, თუმცა საქართველოს პარლამენტს ამ დრომდე არ დაუწყია გოგაშვილის საქმეზე ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება. - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები (მათ შორის, დროებითი საგამოძიებო კომისია, ინტერპელაცია) და გოგაშვილის საქმეს გაუწიოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი; - მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიმართ განხორცილებული მუქარის შესაძლო ფაქტზე. ასევე, პროკურატურამ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა ღონისძიებები მიმდინარეობს გოგაშვილის მიერ მხილებული, სავარაუდოდ სისტემური დანაშაულების გამოსაძიებლად". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. 15 ივლისს, სოსო გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press