Foto

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება რთველის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს.

პრემიერის თქმით, ვინაიდან საქართველოსთვის მეღვინეობა სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს, მთავრობას სუბსიდირება 150 მილიონი ლარი დაუჯდება.

„წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას.1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. უკვე გვქონდა მათთან კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. 

ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.