Foto

ბჟანია - ბელარუსის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტი ბევრ რამეზე მეტყველებს - ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს

ლუკაშენკოს ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ, - ასე აფასებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია.

ბჟანია იმედოვნებს, რომ ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხამდე ეტაპობრივად მივლენ.

„ეს იყო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტზე დიდ იმედებს ვამყარებთ - ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელარუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება. ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტი ბევრ რამეზე მეტყველებს - ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ეტაპობრივად მივალთ აღიარებამდეც. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით", - განაცხადა ბჟანიამ.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვა.