Foto

ნოვოსიბირსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს

ნოვოსიბირსკში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის სამხედრო კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევგენი კუდრიავცევის თქმით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

"ნოვოსიბირსკის, კიროვსკისა და ლენინსკის ოლქების სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის ფანჯრებში ორი "მოლოტოვის კოქტეილი" ისროლეს, რამაც 0,5 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გამოიწვია“, - აცხადებს სამხედრო კომისარი.

მისივე თქმით, ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა და შენობა არ დაზიანებულა.

რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებზე ცეცხლის წაკიდების სულ მცირე 13 მცდელობა დაფიქსირდა.