Foto

პოდოლიაკი - უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, ფსევდორეფერენდუმებისა და ბირთვული მუქარის მიუხედავად, დაიბრუნოს ტერიტორიები

უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ფსევდორეფერენდუმებისა და ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად, დაიბრუნოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორია,  - ამის შესახებ Associated Press-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

როგორც პოდოლიაკი ამბობს, ბრძოლის ველზე არაფერი შეიცვლება, თუ რუსეთი უახლოეს დღეებში დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას გამოაცხადებს.

„ჩვენს ტერიტორიას სამხედრო გზით გავათავისუფლებთ. ჩვენი ქმედებები დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთი, არამედ უკრაინის სამხედრო პოტენციალზე", - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.

მისივე თქმით, ევროპაში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება.