Foto

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სუს-ის თანამშრომლების ხელფასები 20%-ით გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით გაზრდება. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით.

"ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად, 2023 წელს იქნება 24,3 მილიარდი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. ძირითადი პრიორიტეტებია - თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით. ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ იანვარში 10 პროცენტით გავზარდეთ ხელფასები ყველა საჯარო მოხელისთვის, 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება იანვრიდან",- განაცხადა ღარიბაშვილმა.