Foto

ზურაბიშვილი - მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას

საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, -  ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის რამდენიმე ქალაქში განხორციელებულ თავდასხმას. 

როგორც პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, რუსების მიზანი, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის, არის განადგურება და შიშის ჩანერგვა. 

"საშინელი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. ეს განურჩეველი თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომლის მიზანი იყო განადგურება, შიშის ჩანერგვა. მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის მონდომება. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას",- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.