Foto

სტოლტენბერგი - ნატო გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე

ნატო გმობს რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა "ტვიტერზე“ დაწერა, რომ ალიანსი კრემლის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. 

„ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - წერს იენს სტოლტენბერგი, რომლის თქმითაც, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.