Foto

რეზნიკოვი - დროა, ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ - იყავით უკრაინელებივით მამაცი

დროა, ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა "ტვიტერზე" დაწერა.

რეზნიკოვი მსოფლიოს სიმამაცისკენ მოუწოდებს.

"დროა, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ, როგორც უკრაინამ და ლატვიამ უკვე გააკეთეს და ესტონეთი ემზადება. იყავით უკრაინელებივით მამაცი!" - წერს რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.