როგორ შეიძლება მილიონობით ლარს ხარჯავდე პროექტის განხირციელებისთვის და ბავშვები გიკვდებოდეს სწორ ადგილას, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია 13 წლის გოგონას გარდაცვალებას, რომელსაც ახლად გახსნილ ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა.
მელია ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ სიკვდილს ოლიგარქიული, კორუფციული სისტემა იწვევს.
"რა თქმა უნდა, შემზარავია, რა თქმა უნდა, გამანადგურებელია და მე, როგორც მშობელს, წარმოდგენაც კი მზარავს, რომ მსგავსი რამე დამემართოს, მაგრამ დაემართათ მშობლებს იქ, სადაც არ ელოდებოდნენ ამ ამბავს. მესმის, მძიმე წუთებია, თუმცა უნდა ვთქვა - ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა ვისწავლოთ და ავიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის, ეჭვები, რომლებზეც ვსაუბრობთ ყველა, რომ კორუფციაში იხრჩობა "რუსული ოცნება", ამ ყველაფერს ხომ კონკრეტული შედეგები აქვს. და მივიღეთ ეს შედეგი - სამწუხარო და უმძიმესი. სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი შადრევნით ყველა უნდა ვამაყობდეთ, სიამოვნებას ვიღებდეთ, მაგრამ ბავშვები შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად, თავად ვეღარ ამოდიან ცოცხლები. ეს უბრალოდ პროექტის განმახორციელებელი კონკრეტული არქიტექტორის ან შემსრულებელი სპეციალისტების დანაშაულია? არა, ასე ვეღარ უნდა გავიდეს ფონს ვერავინ. არ ხდება 21-ე საუკუნეში ასეთი რამე. არ ხდება, რომ 6.5 მილიონ ლარს ხარჯავდე, შემდეგ ამ ყველაფრით თავს იწონებდე, თანამედროვე პროექტად ასაღებდე და შემდეგ ბავშვები იხოცებოდნენ. ამ ყველაფერს თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ერთ-ერთი მიზეზი არის კორუფცია. სადაც კორუფციაა და ფულის მოპარვაა, იქ არის სიკვდილი. მეც რომ ვიყო დედაქალაქის მერი, თქვენც რომ იყოთ დედაქალაქის მერი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა დაიწყოს ახლა მაინც. არ ყოფნის ამას უბრალო სამძიმრის სიტყვები... ბატონი კალაძე კანონის ფარგლებში პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მუშა, ხელოსანი და არქიტექტორი უნდა დაისაჯოს და ის არ აგებს ამ ყველაფერზე პოლიტიკურად პასუხს?" - განაცხადა მელიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.
ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press