Foto

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია მოუწოდებენ ევროკავშირს, საერთაშორისო პარტნორებთან ერთად დაეხმაროს უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში, რათა რუსეთმა აგრესიისთვის პასუხი აგოს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრიბუნალმა რუსეთის მიერ ომში ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს.

"წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ დაუსჯელი იქნება ის ქმედებები, რომლებიც არღვევს მას ყველაზე აშკარად - გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაული", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა პარიზში გამართულ კონფერენციაზე - „ომი და სამართლი". ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ჩატარდა, მოითხოვა, რომ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო, რუს პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს გაასამართლებს.