Foto

სალომე ზურაბიშვილი - გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო გახდეს. 

როგორც ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამჟამინდელი სავიზო რეჟიმი რუსეთთან საკმაოდ ლიბერალურია, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. 

"მე მგონია, რომ მეტი კომუნიკაცია და ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოებს, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საკითხი და საფრთხე გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ და ყელა ზომები მიღებულია. ასევე გამორიცხული არ არის რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი გადასაწყვეტია ხელისუფლების მიერ",- აცხადებს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს. 

მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ლევან დიასამიძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები განიხილება, როგორიცაა ევროპული ინტეგრაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.