Foto

ორბანი - ძალიან ცუდი, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს

ბრიუსელში მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორბანის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

"ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც საუბრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებასა და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოაცხადეს ბრიუსელში. დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული მორალურად. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობენ ბოლო წლებია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იყო უმპატივცემულო", - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე, 16 უნგრელი ექსპერტი მუშაობს. 

"რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რომელმაც მალე შეიძლება მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მალე დაიწყოს", - თქვა ვიქტორ ორბანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.