Foto

აშშ-ს საელჩო - გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს უფრო უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპულ მომავალს

აშშ-ს საელჩო საქართველოში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე გამოტანილი განაჩი „შეშფოთებას იწვევს“. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხო, დემოკრატიულ და ევროპული მომავალს. 

“იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. 
 
შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
 
შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია”- წერია საელჩოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.