Foto

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება. - ამის შესახებ ინფორმაციას, მედიის ადვოკატირების კოალიცია ავრცელებს.

მათივე თქმით, ისინი მიმართავენ საქართვველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს ნიკა გვარამია.

"2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორის, ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე და გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სახალხო დამცველის სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მიხედვით, გვარამიასთვის წარდგენილი ბრალდება არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარის მკაფიო ნიშნებს. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი, როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის ხელმძღვანელის დასჯას ემსახურება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მისაღებად დაწესებულ მოთხოვნებს პლურარისტული მედიაგარემოსა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შესახებ. ნიკა გვარამიას საქმე მოხვდა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშიც. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.
არსებულ კრიტიკულ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს ნიკა გვარამია და დადებითი როლი შეასრულოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.