Foto

ზურაბიშვილი - ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება

სულხან-საბას ევროპულ გზას დღეს საქართველოსათვის ალტერნატივა არ გააჩნია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებს, თუმცა ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება. 

"ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების გეზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ, ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატობამდე.

ვისაც ამ ევროპული გზის საწყისი ეტაპები ახსოვს, იმას კარგად ესმის, თუ რა შრომის, რა თავდადებული, ფასდაუდებელი, მიზანმიმართული ღვაწლის შედეგია დღევანდელი და ხვალინდელი კიდევ უფრო სერიოზული მიღწევა. ამიტომ სრულიად გამართლებულია ამ დღისადმი სულხან-საბას პატრონაჟი, რამეთუ თუ თვითონ წარმატებული ვერ დაბრუნდა თავისი ევროპული მისიიდან, მან მაინც დაგვიტოვა სწორი გეზი და სწორი მიმართულება, ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება დამოუკიდებლობის მამებს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებს, სახელმწიფო მოღვაწეებს და დიპლომატებს ხვდათ წილად. დღეს იქ ვართ, სადაც ვართ, სწორედ იმიტომ, რომ ჯერ იყო სულხან-საბა და შემდეგ იყვნენ ჩვენი გულანთებული პატრიოტები, დიპლომატები და მათ ესმოდათ, რომ იმ გზას, რომელიც ავირჩიეთ, რაც უნდა რთული იყოს, ალტერნატივა არ გააჩნია და არ გააჩნდა მაშინაც. 

ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა. ეს ბრძოლა არ მთავრდება, გამოწვევები რთულდება და იზრდება მოთხოვნები. მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, რამეთუ ქვეყნის ინტერესების დაცვა დღეს ბევრად მეტი მიმართულებით მიმდინარეობს - დიპლომატია, პოლიტიკა, კულტურა, ეკონომიკა, მაგრამ ასევე ტექნოლოგიები, მეცნიერება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, კიბერუსაფრთხოება და კიდევ ბევრი სხვა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.