Foto

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაბომბეს

რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად, ხერსონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა.

მედიასაშუალება წერს, რომ დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. 

"უკრაინის მიერ კაშხალზე თავდასხმა ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მცდელობაა", - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით.

რუსეთს ჰიდროელექტროსადგურის დაზიანების ამსახველი მასალა არ გაუვრცელებია. 

ცნობისთვის, გასული თვიდან უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ნოვა კახოვკას კაშხალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. 

2 ნოემბერს, ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების ევაკუაცია გამოაცხადა და უკრაინის ხელისუფლება სადგურზე დარტყმის განზრახვაში დაადანაშაულა.

უფრო ადრე, 21 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ჰიდროელექტრუსადგურის აფეთქებას გეგმავდნენ.

ზელენსკი მაშინ ამბობდა, რომ რუსების მიერ სადგური უკვე დანაღმული იყო და ტერორისტული აქტის უკრაინელებზე დაბრალებას აპირებდნენ.

19 ოქტომბერს, ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო. 

ერთი დღით ადრე, 18 ოქტომბერს, ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზად დაასახელა წყალდიდობის საფრთხე, რომელსაც მისივე თქმით, კახოვკას კაშხალზე უკრაინელი სამხედროების იერიში გამოიწვევდა.

კახოვკას ჰიდროელექტროსადგური და წყალსაცავი მდინარე დნიპროზე, ხერსონში მდებარეობს. კაშხლის დაზიანება დიდი ტერიტორის დატბორვასა და ხერსონის გარშემო ნგრევას გამოიწვევს.