Foto

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“.

,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება. 

დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს.

საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან. 

დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტი ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება. 

11 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში მეხუთედ ჩატარდება. წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებული იქნება მულტიკრიზისისა და მსოფლიო დესტრუქციული პოლარიზაციის თავიდან აცილებაზე.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ: საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, UNESCO-ს გენერალური დირექტორი ოდრე აზულე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტი მირიანა სპოლიარიჩ ეგერი.