Foto

მარკეტა გრეგოროვა - მედიის თავისუფლების საკითხში, საქართველომ უკან დაიხია

მედიის თავისუფლების საკითხში, საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ რეზოლუციის მიღებას.

ჩეხი ევროპარლამენტარის განცხადებით, ანგარიშში მედიათავისუფლების საკითხთან ერთად, სასამართლოს დეპოლიტიზებაც არის შესული.

"მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა, ეს საკითხი ანგარიშში დაემატა. ჩვენი აზრით, ეს საქართველოში მოვლენების ძალზე ცუდი განვითარებაა. ანგარიშში ჩვენ ვახსენეთ, რომ უნდა მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზება და უნდა არსებობდეს უფრო ფართო მედიათავისუფლება, რადგან მედიის თავისუფლების საკითხში, საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია", - აცხადებს გრეგოროვა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები, რომელთა მიზანიც საქართველოში უკეთესი დემოკრატიული სისტემის აშენებაა, მიიჩნევენ, რომ მესამე პრეზიდენტს საჭირო სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს.

"ასევე ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ჩვენი მიზანი საქართველოში უკეთესი დემოკრატიული სისტემის აშენებაში დახმარებაა. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, შედგეს გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე. მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ეს ადამიანის ძირითადი უფლებებითაა განსაზღვრული. მან უნდა მიიღოს სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება, მაგრამ ასეთია ჩემი ხედვა, იდეალური გამოსავლის", - უთხრა "ფორმულას" მარკეტა გრეგოროვამ.